English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თენგიზ ქავთარაძე გიორგი ქავთარაძე
ინოვაციური სისტემები აშშ-ს სოფლის მეურნეობაში და მათი გამოცდილების განზოგადება საქართველოში

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია ინოვაციური სისტემები აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების სოფლოს მეურნეობაში. გამოთქმულია აზრი მათ მაგალითზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის გატარების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური სისტემები, ტექნოლოგიური და ინსტიტუციური ინოვაციები, ინოვაციური პოლიტიკა, ინოვაციური საწარმო.

შესავალი

ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვებული საწარმო თუ ფირმა გამოდის ის, რომელიც თავის საქმიანობას უპირატესად ინოვაციური პოლიტიკის საფუძველზე აგებს. ამიტომ, სოფლად ინოვაციური სისტემების  საქმიანობის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სინამდვილეში არსებული მეცნიერულ ტექნოლოგიური პოტენციალის ზრდისა და ქვეყნის პერსპექტიული განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორგანიზაციულ ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარება, ინოვაციური სისტემების სახელმწიფო რეგულირების სრულყოფა და ინოვაციათა ბიზნესის განვითარება სათანადო საკადრო, მატერიალურ-ტექნიკურ და ინფორმაციულ პოტენციალთან ერთად [აბესაძე რ. 2014].

ინოვაციურ სისტემებში იგულისხმება ეკონომიკაში სიახლის შექმნის და ათვისების პროცესი, აგრეთვე ამ პროცესის შედეგი. ეს მისი ზოგადი განსაზღვრებაა, შემდგომში საჭიროა ხაზი გაესვას ინოვაციას, როგორც პროცესს, რომელიც შემდგომ გამოიყენება ტერმინ "ინოვაციური პროცესი”-ს სახით.

არსებობს სხვა შეფასებებიც, რომელთა ანალიზი საშუალებას იძლევა გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: ინოვაციური სისტემების სპეციფიკური შინაარსი  ცვლილებებია, ხოლო საინოვაციო მოღვაწეობის მთავარი ფუნქცია _ ცვლილებების განხორციელებაა.

* * *

ინოვაციები იყოფა ტექნლოგიურებად და ინსტიტუციურებად. Eეკონომიკური თეორიის კონტექსტში ინსტიტუციური ინოვაციები არის:

ა)   ახალი ინსტიტუციები (საწარმოებისა და ორგანიზაციების არსებობის ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმები საქმიანობის ყველა დარგში).

ბ)   ეკონომიკაში ოპერაციების წარმოების, ასევე ბაზრების ორგანიზაციისა და ინსტიტუტების ურთიერთმოქმედების ახალი პროცედურები (ხერხები);

გ)  კულტურის ახალი "მატრიცები”.

აქვე საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. ეს ტერმინი

წარმოიშვა "ტექნოლოგიების", როგორც მთელი ტექნოლოგიური სისტემების ფართო გაგებიდან, რომელიც მოიცავს გამოშვებულ პროდუქციას, საწარმოებში გამოყენებულ ტექნოლოგიურ პროცესებს, მოწყობილობებს, მასალებს და სხვა. ტექნოლოგიური ინოვაციები იყოფა პროდუქტიულად და პროცესულად.

პროდუქტიული ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორც ჩანს მათი სახელწოდებიდან, დაიყვანება საქონლისა და მომსახურების ახალ სახეებამდე, რომლებიც იქმნება და აითვისება საწარმოების მიერ წარმოებასა და გასაღებაში.

პროცესუალური ტექნოლოგიური ინოვაციები მოიცავს ახალ ტექნოლოგიურ პროცესებს, ანუ ეს არის საწარმოო საშუალებების კომბინაციების ახალი ხერხები ეკონომიკური რესურსებისა და შრომის მწარმოებლურობის ამაღლების მიზნით. ახალი ტექნოლოგიური პროცესი ხშირად საჭიროებს ახალი მოწყობილობებისა და ახალი მასალების გამოყენებას. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტიული და პროცესული ინოვაციების რეალიზაცია ხდება ერთად, რამდენადაც ახალი პროდუქტის დასამზადებლად ხშირად საჭიროა ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვა.

ინოვაციური სისტემების ინოვაცია _ ეს არის პროცესი მეცნიერული ცოდნის გარდაქმნისა ინოვაციად, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოვლენათა თანმიმდევრული ჯაჭვი, რომლის მსვლელობათა პროცესშიც ინოვაცია მწიფდება, (ყალიბდება) იდეიდან, კონკრეტულ პროდუქტამდე, ტექნოლოგიამდე, მომსახურებამდე და ვრცელდება პრაქტიკული გამოყენებისას. მეცნიერულ-ტექნიკური პროცესისაგან განსხვავებით, ინოვაციური პროცესი არ სრულდება (მთავრდება, წყდება) დანერგვით, ანუ ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენით ან ახალი მომსახურებით, ან ახალი ტექნოლოგიის მიყვანით დაგეგმილ სიმძლავრემდე. ეს პროცესი არ წყდება დანერგვის შემდეგაც, რადგანაც გავრცელების პროცესში სიახლე განიცდის სრულყოფას, ხდება უფრო ეფექტური, იძენს ისეთ ახალ სამომხმარებლო თვისებებს, რაც წინათ არ იყო ცნობილი. ეს უხსნის მას ახალ ბაზარს და გამოყენების სფეროს.

სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა განსაზღვრავს სოფლად ინოვაციური სისტემების მიზნებსა და პრიორიტეტებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მათი რეალიზაციის მექანიზმებს. სოფლად სახელმწიფო ინოვაციური სისტემების პოლიტიკის პრიორიტეტია ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება. იგი შემქნელი კომპონენტების ერთობლიობაა: ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი გარემო პირობები, ტექნოლოგიური პარკები, ტექნოლოგიური ცენტრები, განათლების სისტემა, "ბიზნეს- ინკუბატორები", ვენჩურული ფირმები, კლასტირება, ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდები და სხვა. ინოვაცია განხორციელებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ბაზარზე ან საწარმოო პროცესშია დანერგილი.

შევჩერდეთ ამერიკული და იაპონური ინოვაციური სისტემების არსებულ განსხვავებაზე. აშშ-ს ინოვაციის 1/3 მოდის პროცესულზე, 2/3 კი პროდუქციულზე; იაპონიაში პირიქითაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეკონომიკა, რომელიც სულ რაღაც ორას ორმოცდაათი წლის წინ ჩაისახა, წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა. აშშ, სადაც ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები, აწარმოებს მსოფლიო პროდუქციის 25%-ს; აშშ-ს ეკონომიკა ორჯერ უსწრებს მისი მომდევნო ქვეყნის _ იაპონიის ეკონომიკას. მიღებული გათვლებით, აშშ-ს პროდუქციისა და ცხოვრების დონე ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიო ქვეყნებს შორის. აშშ-ს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მუდმივად იზრდება. თუ 1983 წელს იგი უდრიდა 3,4 ტრილიონ დოლარს, 1990 წელს უკვე 5,5 ტრილიონს გადააჭარბა.

კოლონიური დღეებიდან მოყოლებული, ინოვაციური თვალსაზრისით ხელისუფლება გარკვეულწილად მონაწილეობს, ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების საქმეში. ფედერალურმა მთავრობამ უდიდესი ინვესტიციები განახორციელა სოფლად  ინოვაციურ ინფრასტრუქტურაში _ დაწყებული არხების და საფოსტო გზების გაყვანით მე-19 საუკუნეში და დამთავრებული შტატებს შორის ავტოსტრადების მშენებლობით და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების შექმნით. Mმე-20 საუკუნეში ხელისუფლება ასევე ზრუნავდა იმ სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელებაზე, რომლებსაც კერძო სექტორი ან შეუძლებლად მიიჩნევდა, ან არ ჰქონდა მისი დაფინანსების სურვილი. ათასი ხერხითა და გზებით მთავრობა ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა და წარმართავდა სოფლის მეურნეობის ინოვაციურ განვითარებას. ახალმა ფერმერულმა ტექნოლოგიებმა გარდაქმნა ამერიკის აგრარული სექტორი, მისცეს რა ფერმერების დღითიდღე კლებად რაოდენობას სულ უფრო მეტი საკვებისა და უჯრედისის წარმოების საშუალება.

ამერიკელმა ფერმერებმა სახელი გაითქვეს მთელ მსოფლიოში თავისი უნარით, მოიყვანონ დიდი მოსავალი მიწის ყოველ ჰექტარზე. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია ბუნებრივი სიუხვითაც. აშშ-ს დასავლეთი ნაწილის მხოლოდ შედარებით პატარა ტერიტორიაზე მოდის ნალექების შეზღუდული რაოდენობა და არსებობს უდაბნო. სხვა რეგიონებში ნალექების რაოდენობა საშუალო ან უხვია, ხოლო მდინარეები და მიწისქვეშა წყლები ვრცელი ირიგაციის საშუალებას იძლევა. ამერიკის ცენტრალური დასავლეთის ზოგიერთ ადგილას მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგები გვხვდება.

ამერიკელი ფერმერების წარმატება გამოწვეულია სოფლად განათლების ინოვაციური სისტემის განვითარებით. ამის კვალობაზე, სწრაფად მატულობს მაღალკვალიფიციური მუშახელის გამოყენება. ხდება თესლის მეცნიერულად დამუშავება და ხელმეორედ გადამუშავება იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად პროდუქტიული და გამძლე იყოს დაავადებებისა და გვალვისადმი. გაანგარიშებულია სასუქების გამოყენების და ირიგაციის ოტიმალური რაოდენობა. მექანიზაციის გამოყენება კულტივაციასა და მოსავლის აღებისას, ამცირებს შრომით დანახარჯებს და იძლევა დროის ეკონომიას პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე. იშვიათი სანახავი როდია ფერმერი, რომელიც მართავს ტრაქტორს, ძალიან ძვირად ღირებულ სათოხნ, მიწის დასამუშავებელ ან მოსავლის ამღებ მანქანას და მასზე მიმაგრებულია ჰაერის კონდიციონერით აღჭურვილი კაბინა [ამერიკის ეკონომიკა. 2010].

ამერიკული კოლონიების მთავრობამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დასვა მიწის განაწილების საკითხი. 1787 წელს გამოცემული ჩრდილო-დასავლეთის დეკრეტი მიზნად ისახავდა ქვეყნის დასავლეთის ათვისებას მოსახლეობის საოჯახო ფერმების უზრუნველყოფის მიზნით. მაგალითად, ოჰაიოს და მისისიპის მდინარეებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო შტატები, რომლებსაც ექნებოდა იგივე უფლებები, რაც თავდაპირველად არსებულ 13 შტატს, როგორც კი მათი მოსახლეობის რაოდენობა გარკვეულ დონეს მიაღწევდა. მიწა უნდა გაყიდულიყო 2,50 დოლარად თითოეული ჰექტარი.

ახალ მოსახლეთა უმეტესობას, რომლებმაც გაბედულად დაძლიეს დასავლეთის ექსპანსიის ბევრი ხიფათი, არ გააჩნდა ფული მიწის საყიდლად. ხშირად ისინი სახლდებოდნენ როგორც ახალმოშენეები _ "სკვიტერები", რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი უფლება თავიანთ ფერმაზე. დასახლების შემდეგ ისინი ცდილობდნენ შეეცვალათ კანონი და მიაღწიეს იმას, რომ მიწის ნაწილი გახდა უფასო, ხოლო დანარჩენი ნაწილი იყიდებოდა მინიმალურ ფასებში და განვადებით.     

შემდგომი კანონებით, რომლებიც დაგვირგვინდა 1862 წელს "საკარმიდამო აქტით", ახალ მოსახლეებს უფასოდ დაურიგდებოდა მიწა, თუ ისინი მოაწყობდნენ კარმიდამოს ან გარკვეული წლების მანძილზე იცხოვრებდნენ ამ მიწაზე. ამ და შემდგომი კანონების სტრატეგია მიმართული იყო ფერმერების ოჯახებისთვის მიწის გადაცემაზე. 1862 წელს "მორილის აქტით" სახელმწიფო ბინები ეძლეოდა თითოეული შტატის მთავრობას სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკური კოლეჯების ქსელის შესაქმნელად. Aამგვარად, 69 კოლეჯმა, რომლებსაც თავის დროზე გადაეცა მიწა, გადამწყვეტი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის დარგში კვლევითი მუშაობისა და ფერმერთა შემდგომი თაობის მომზადების საქმეში.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მოწინავე მუშაკებს აწუხებდათ, რომ სახელმწიფოს მეცნიერული კვლევის შედეგების შესახებ ფერმერები ვერ იგებდნენ. იმისათვის, რომ ეჩვენებინათ თუ როგორ დაეხმარებოდა მათ ახალი ტექნოლოგიები მოსავლის გაუმჯობესებაში, მთავრობამ შექმნა რამდენიმე "საჩვენებელი" ფერმა და ჩაება ადგილობრივ ბიზნესში, დაუკავშირდა ფერმერთა ჯგუფებს და დაიქირავა რეკლამის აგენტები. 1914 წელს კონგრესმა ამ იდეას ეროვნული მასშტაბი მისცა "სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის" შექმნით. ეს სამსახური, რომელსაც აფინანსებდა როგორც სახელმწიფო, ასევე კოლეჯები, ქირაობდა აგენტებს და ქმნიდა ოფისებს, რომელთაც რჩევები უნდა მიეცათ ფერმერებისა და მათი ოჯახებისათვის.

ფერმერი დაეყრდნო ფართო სამეურნეო, ტექნიკურ, სამეცნიერო-კვლევით და საკონსულტაციო დახმარებებს და საქმის ცოდნით იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს დახმარება ჩაისახა ჯერ კიდევ 1862 წელს, როცა აშშ-ის კონგრესმა ცალკეული შტატების განკარგულებაში გამოყო მიწის ნაკვეთები 5000000 ჰექტრის ოდენობით, ამით თითოეულ შტატს უნდა დაეფუძნებინა არანაკლებ ერთი კოლეჯისა, რომელშიც შეასწავლიდნენ სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკურ მეცნიერებებს. პრეზიდენტ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი მორილის ეს კანონი "კოლეჯების მიწის ნადელებით აღჭურვის შეასახებ" უდავოდ, იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტი ამერიკაში სახალხო განათლების ისტორიაში. ამჟამად ამ კოლეჯებში, რომელთაგან ბევრი უკვე გადაკეთდა უნივერსიტეტებად, ისწავლება ფართო კომპლექსი აგრონომიულ და მასთან შეთანაბრებული დისციპლინებისა _ ზოგადი მიწათმოქმედება, ვეტერინარია, მეხილეობა, შინამეურნეობა, ნიადაგმცოდნეობა, კვების პროდუქტების დაკონსერვება და მსოფლიო სოფლის მეურნეობის ეკონომიკაც კი. მიწის ნადელებით აღჭურვილი კოლეჯები და უნივერსიტეტები მიეკუთვნებიან აგრეთვე მოწინავე სამეცნიერო - კვლევით აგრონომიულ ცენტრებს ამერიკაში. სწორედ ასეთები უნდოდა ეხილა კონგრესს, როცა 1882 წელს მიიღო კანონი ამ კოლეჯებში სასოფლო-სამეურნეო საცდელი სადგურების ორგანიზაციის შესახებ. ეს უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენდა აგრეთვე კოოპერაციული აგრონომიული სამსახურის საყრდენ პუნქტებს, რომელიც ჯერ კიდევ 1914 წელს შეიქმნა და უდიდესი წარმატებებით ფუნქციონირებს. ასევე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნის პროპაგანდისა და დანერგვის სისტემის ორგანიზაციას, გვარდებოდა დახმარება ფერმერებისათვის, რომლებმაც მიწის ნაკვეთები მიიღეს ჰომსტედების კანონის შესაბამისად. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ სამინისტრომ აქტიური მონაწილეობა მიიღო ფერმერული კოოპერაციული საკრედიტო სისტემის შექმნაში, რომელსაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა ამ საუკუნის დასაწყისში.

1900-1930 წლებში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა აგრეთვე წამოიწყო ძირითადი კვლევითი სამუშაოების ინტენსიური პროგრამა. ის მრავალმხრივ დაეხმარა ფერმერებს და, საერთოდ, საზოგადოებას. მაგალითად, ევროპიდან და ინგლისიდან შემოყვანილი ღორების შეჯვარების შედეგად მიიღეს ღორების სახეობა, რომლებიც უფრო სწრაფად სუქდებოდნენ ნაკლები მარცვლეულის დანახარჯებით. მოხდა ნიადაგების შემოწმება იმის დასადგენად, თუ რა სახის სასუქებს საჭიროებდა ის მარცვლეულის წარმოების გაზრდისათვის. სხვა ექსპერიმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჰიბრიდული თესლების. მცენარეთა კვების, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, მავნებლებთან ბრძოლის საქმეში.

მე-19 საუკუნეში სოფლის მეურნეობის განვითარებამ გარკვეული როლი ითამაშა შეერთებული შტატების ინდუსტრიალიზაციაში. თუმცა ადრეულ ეტაპზე სოფლის მეურნეობის მიზანი იყო ძირითადად ფერმერთა ოჯახების საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა და შესაძლო საქონლის გაყიდვა ლოკალურად. მცირე ინდუსტრიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღება.

მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ამერიკა სამრეწველო რევოლუციამ მოიცვა და სოფლის მეურნეობის და მრეწველობის ურთიერთობა უფრო გამოიკვეთა. მრეწველობის განვითარებამ, თავდაპირველად  ტრანსპორტირების დარგში, დიდი ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ საშუალება მისცა ფერმერს საქონელი გაეტანა ბაზარზე. შრომის შემამსუბუქებელი გამოგონებების ავტორთა უმეტესობა სოფლიდან იყო, ყოფილი ფერმერები, რომლებიც ქალაქში წამოვიდნენ ფაბრიკებსა და ქარხნებში სამუშაოდ.

დასავლეთის ათვისების დროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასები ხან მატულობდა და ხან კლებულობდა. ფერმერები, რომლებიც ყიდულობდნენ მიწას ან იქ სახლდებოდნენ, ფასების გაზრდისას წარმატებას აღწევდნენ. მათ შეეძლოთ ეშოვათ ფული მოსავლის გაყიდვით და შეეძლოთ შედარებით კარგ ფასად გაეყიდათ მიწა. მაგრამ ფერმერები, რომლებიც საქმიანობას იწყებდნენ  ამ ციკლის შუა პერიოდში, გასაჭირში ვარდებოდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ, ფასები მათ პროდუქციაზე დაბალი იყო და ისინი ხშირად კარგავდნენ თავიანთ ფერმებს, გარდა კარმიდამოებისა. ზოგი მათგანი, ვინც ფერმას კარგავდა, დაქირავებულ მუშახელად იქცეოდა და ისინი მუშაობდნენ სხვისთვის _ ეს განსაკუთრებით ხშირი იყო სამხრეთში, სადაც გათავისუფლებული მონები ხშირად იქცეოდნენ მოიჯარეებად თეთრკანიანთა კუთვნილ მიწაზე. სხვა ფერმერები მიდიოდნენ უფრო შორს დასავლეთით, რომ შეეძინათ ახალი ფერმა, როგორც "მოსახლეებს", ან კარმიდამო.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისათვის პრაქტიკულად აღარ იყო თავისუფალი დასახლებული მიწები. მიწების გამოფიტვამ და ეროზიის ხანგრძლივმა პერიოდმა შეამცირა ნაყოფიერება შეერთებული შტატების ფერმების დიდ ნაწილში. ტყეები გაიჩეხა ან გადაიწვა დამატებითი სათესი მიწების მოპოვების მიზნით. საძოვრების ვრცელი ფართობები "დიდ დაბლობებზე" გამოიფიტა ინტენსიური გამოყენების გამო. 1930-იანი წლების  შუა პერიოდში, რამდენიმე გვალვიანი წელიწადის შედეგად დაიკარგა დიდი რაოდენობით მოსავალი ცენტრალურ დასავლეთში. ქარებმა "დიდ დაბლობებზე" ქვიშის ქარიშხლები გამოიწვია ისედაც გამოფიტულ მიწებზე.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად გატარდა ახალი მიწების გამოყენების და კონსერვაციის პოლიტიკა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფერმერებს სჭირდებოდათ წახალისება და განათლება მიწის უკეთ გამოყენებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ფერმერები ძნელად ეგუებოდნენ იმ აზრს, რომ გრძელვადიანი ინტერესები უფრო გასათვალისწინებელი იყო, ვიდრე მომავალი წლის მოსავალი.  დაქირავებული იყვნენ სახელმწიფო აგენტები, რომლებსაც უნდა მოეხდინათ უკეთესი ტექნიკის დემონსტრირება და როდესაც ფერმერებმა დაინახეს, თუ როგორ იყენებდა მათი მეზობელი ახალ ტექნიკას და წარმატებას აღწევდა, მათაც დაიწყეს ახალი მეთოდის გამოყენება. მთავრობა დახმარების სახით სთავაზობდა უფასო მომსახურებას ან ნაღდ ფულს, მიწის გასაუმჯობესებლად.

1920-იან წლებში მოთხოვნა ამერიკის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაეცა. ვინაიდან ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა მოსულიერდნენ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და შეიმუშავეს პროგრამები თავიანთი იმპორტის შესამცირებლად. Aამან გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების მკვეთრი დაცემა. ეს პერიოდი უფრო კატასტროფული იყო ფერმერებისათვის, ვიდრე ადრეული პერიოდები, რადგან ფერმერები  უკვე აღარ უზრუნველყოფდნენ საკუთარ თავს. ისინი იძენდნენ, სამომხმარებლო საქონელს. Fფასები საქონელზე, რომელსაც ფერმერები იძენდნენ უცვლელი რჩებოდა, მაშინ როდესაც ფასები მათ პროდუქციაზე ეცემოდა. სიტუაცია გააუარესა "დიდმა დეპრესიამ", რომელიც დაიწყო 1929 წელს და გაგრძელდა 1930-იან წლებში.

1929 წელს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა შექმნა ფერმერთა ფედერალური საბჭო. იგი უშუალოდ ერეოდა მომარაგების და მოთხოვნილების საკითხებში და სწორედ მისი თაოსნობით მოხდა მთავრობის პირველი მცდელობა,  შეექმნა მეტი ეკონომიკური სტაბილურობა ფერმერებისათვის.

პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, როდესაც ის 1933 წელს გახდა პრეზიდენტი, იყო "სოფლის მეურნეობის" რეგულირების აქტი, რომელიც შემდგომ მიიღო კონგრესმა. ეს კანონი აძლევდა სოფლის მეურნეობის მინისტრს უფლებას, შეემცირებინა წარმოება ფერმერებთან ნებაყოფლობითი შეთანხმებით, რომლებსაც უხდიდნენ ფულს იმაში, რომ არ გამოეყენებინათ მიწა. ფულადი სახსრები გროვდებოდა გადასახადით, რომელსაც იხდიდნენ საქონლის გადამამუშავებლები: 1936 წელს უმაღლესმა სასამართლომ ეს კანონი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად იმ მიზეზით, რომ წარმოების კონტროლის პროგრამის გატარება არ შეიძლებოდა საკვების მწარმოებლებისათვის. მიუხედავად ამისა, დაუყოვნებლივ იყო მიღებული ახალი კანონები, რომელთა საშუალებითაც, მიწის კონსერვაციის პრინციპზე დაყრდნობით მიიღწეოდა ნიადაგის დასვენებისა და ჭარბწარმოების იგივე მიზნები. რუზველტის ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ ამერიკის მიწების გაუმჯობესება არა მხოლოდ წარმოადგენდა ფერმერთა დახმარების ცდას სხვა მოქალაქეთა ხარჯზე, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსაც შეადგენდა. შემდგომში მთავრობამ უზრუნველყო ფერმერები სესხებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ჰიბრიდული თესლების და სასუქის შესანახად.

შეერთებულ შტატებში ფერმერთა ოჯახების დასახმარებლად სხვა ზომებიც შეიმუშავეს. 1935 წელს კონგრესმა ჩამოაყალიბა სოფლების ელექტრიფიკაციის ადმინისტრაცია, რომელმაც გაიყვანა ელექტროხაზები სოფლებში. Aშეიქმნა ადგილობრივი კოოპერატივები, რომლებსაც ფედერალური მთავრობა აძლევდა კრედიტს სოფლებში, ელექტროხაზების გასაყვანად. ფერმერებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ ელექტრო ენერგია საშუალებას აძლევდა მათ, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ ტექნოლოგია. 1960 წლისათვის ფერმერთა 97%-ს ჰქონდა ელექტროენერგია. ფერმერთა დასახმარებლად აგრეთვე გაყვანილი იყო გზებიც, რომლებიც ფერმერებს ბაზრებთან აკავშირებდა და სოფლები ადვილად უკავშირდებოდა დიდ და პატარა ქალაქებს.

აღსანიშნავია ამერიკის მთავრობის მიერ ფერმერთა მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა. კერძოდ კვლევისა და ფერმერთა სწავლების პროგრამა. როგორც ცნობილია, კვლევით ლაბორატორიებსა და ექსპერიმენტულ ფერმებში გამოჰყავთ ახალი ჯიშები, ამუშავებენ მცენარეთა დაცვის ახალ საშუალებებს, წყვეტენ პირუტყვის დაავადებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამუშავებენ პროექტებს ახალი ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ. ფერმერებს მიეწოდებათ კიდეც კვლევითი ინფორმაცია "Eqstensh servis"-ის სამსახურის მეშვეობით. ეს არის საკმაოდ მოქნილი და ძლიერი სამსახური სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელებისა და დანერგვის შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყოველ შტატს, როგორც წესი, ერთი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი მაინც აქვს, ხოლო ყოველ ოლქს - " Eqstensh servis"-ის სამსახურის ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისათვის, აგრეთვე ქალებისა და ბავშვებისათვის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას.

დასკვნა

ამრიგად, სოფლად აშშ-ს ინოვაციური სისტემების მუშაობის გამოცდილების განზოგადების მსგავსად, საქართველოში უნდა შეიქმნას ფერმერთა ფედერალური საბჭო. იგი უშუალოდ ჩაერეოდა მომარაგების და მოთხოვნილების საკითხებში და მისი თაოსნობით მოხდებოდა მთავრობის პირველი მცდელობა, სოფლად ინოვაციური სისტემების გამოყენებით შეექმნათ მეტი ეკონომიკური სტაბილურობა ფერმერებისათვის.

სოფლად სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკური სწავლებების ქსელის შესაქმნელად სათანადო სასწავლო კვლევის სამსახურებს უნდა გადაეცეთ სახელმწიფო ბინები და მიწა. მათ უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი ინოვაციური სისტემების  გამოყენების თვალსაზრისით, სოფლად კვლევითი მუშაობისა და ფერმერთა კადრების შემდგომი თაობების მომზადებაში.

მიწების გამოფიტვამ და ქარისმიერი ეროზიის ხანგრძლივმა პერიოდმა მკვეთრად შეამცირა მიწის ნაყოფიერება დედოფლისწყაროს რაიონის პატარა შირაქის, ზილიჩის, დიდი შირაქისა და სხვა მარცვლეულის მწარმოებელი რაიონების ფერმების დიდ ნაწილში. მიწა გამოიფიტა ინტენსიური გამოყენების გამო. მარცვლეულის მოსავლიანობა დავიდა 600 კილოგრამამდე (სათესლე მასალის 200 კგ-ის პირობებში). ქარიშხლების შედეგად გამოფიტულ მიწებზე დაიკარგა მარცვლეულის მოსავლის დიდი რაოდენობა.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, აშშ-ს ინოვაციური სისტემების გამოცდილების გამოყენების განზოგადების მსგავსად, დედოფლისწყაროს და სხვა მარცვლეულის მწარმოებელ რაიონებში უნდა გატარდეს მიწების გამოყენებისა და კონსერვაციის პოლიტიკა. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რომ მიწების უკეთ გამოყენებასთან დაკავშირებით, ფერმერებს სჭირდებათ წახალისება და განათლება. ფერმერებს დახმარების სახით უნდა გაეწიოთ უფასო მომსახურება ბელტის გადაუბრუნებლად ნიადაგის წინმხვნელიანი გუთნებით მოხვნისათვის ან მიეცეთ ნაღდი ფულადი დახმარება მიწების გასაუმჯობესებლად, რუზველტის ადმინისტრაციის მსგავსად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ფერმერები სესხებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ჰიბრიდული თესლების და სასუქების შესანახად და არა მხოლოდ შესაძენად.

სოფლად მცხოვრები ფერმერების აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობებს. აღნიშნული მიწების ინტენსიური გამოყენების მიზნით, ვენჩერული დაფინანსების გამოცდილების გაზიარებით უნდა მოეწყოს "საჩვენებელი" ფერმები, სადაც შეისწავლიდნენ, დაადგენდნენ და რჩევას მისცემდნენ ფერმერულ კადებსა და ოჯახებს, თუ რომელი სახეობის, ჯიშის და რა რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი და ეკონომიურად ხელსაყრელი აღნიშნულ მიწის ფართობებზე.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. 2014. ინოვაციები ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ..
  2. ამერიკის ეკონომიკა. 2010.  ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო.
  3. რევიშვილი ზ. 2015. საქართველოს აგრარული განვითარებისა და პოლიტიკის თეორიული საკითხები, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ.
  4. რუხაძე ს. 1994. აშშ-ის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ.
  5. ქავთარაძე თ. 2003. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო, “მეცნიერება”, თბ.
  6. ქისტაური ნ. 2015. ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ.
  7. ხარაიშვილი ე. 2012. ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა ტ. II. თბ.
  8. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა სიახლე, თბ., 2006.
  9. www, fao, org/corp/statistics.
  10. Освоение инновации в агропромышленном комплексе опит и проблемы – М. : ФГУ РССК 2006 – 136.
  11. Changes in market organization and practices of the potato industry. Hastings Area. Florida 1958-1968. Washington, 1970.
  12. Kyle L.P. Business analysis summary for  potato farms 1973. East-lansing, 1974.